среда, 26 июня 2013 г.

გამაყრუებელი სიჩუმე

           

ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე. ვინ იცის ბედი რას გვიმზადებს ან ვინ იცის ჩვენი წისქვილის ჩარხი საითკენ დატრიალდება. რა უბრალო და მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი, ალბათ მართლაც გამოსაცდელ პლანეტაზე ვართ მოსული, სადაც ტკივილი სიხარულის თანაზიარია, უბედურება ბედნიერების დასაწყისი, გამარჯვება თავისუფლების მეგზური, სადაც მარადისობის მორალი "მარიონეტებივით" გვმართავს და ჩვენც "მარიონეტები" უსიტყვოდ ვემორჩილებით მას, დიახ! ჩვენი ცხოვრება სპეკტაკლია, იმპროვიზირებული სპეკტაკლი, ცხოვრებისეული დრამითა და ტრაგიკომედიით შეზავებული...ეს რეალობაა და ამ რეალობასთან ჭიდილი ისეთივე უსაფუძვლოა როგორც წყალზე ფანქრით წერა, ალბათ ჩვენ შორის რაღაც ზებუნებრივი, თავისი ზემდგომობით ავლებს იმ ბარიერს, რომლის გადაღმა წამი მარადისობის სხივია.
                                               
               ადრე თუ გვიან ჩვენი ქვეცნობიერი აუცილებლად ჩასწვდება ამაოების ყოფას და სწორედ ამ დროს გავეხვევით სიჩუმის მანტიაში; სიჩუმის, რომელიც გამუდმებით ღრღნის ეჭვებით გადაბმულ ფიქრების ჯაჭვს, რომელიც ბურუსით მოცულ გარემოს კიდევ უფრო ამძაფრებს და იდუმალს ხდის. როცა განვმარტოვდებით ცხოვრებისეულ საკითხებზე დასაფიქრებლად, ჩვენს  წინ გადაიშლება მეტად მრავალფეროვანი, მაგრამ შავ–თეთრი სამყარო, რომლის სიღრმიდან სიფაქიზის და სინაზის მისტიციზმი გამოსჭვივის, ჩვენ კი ამ დროს სიჩუმის ცეცხლი გვწვავს და გვიმორჩილებს.
                  თავის დროზე კარგად უთქვამს ჯუბრან X–ს:
                                                               "უდიდესი მომღერალია ის, ვინც მღერის ჩვენს სიჩუმეს"
ბოლოს კი სიჩუმის წყვდიადში ვიპოვით ჩვენს სახეს, სახეს მეტად ბუნებრივს და განსხვავებულს და ვიწამებთ მხოლოდ "მე–ს" , როგორც მსოფლიოს განუსაზღვრელ და განუყრელ ნაწილს.


2 комментария:

  1. თითოეულ ინდივიდში ბუდობს ერთგვარი "მე"_ რომლის პოვნა, უკეთესობისთვის აუცილებელიც კია :)
    კარგი პოსტია :)

    ОтветитьУдалить